ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვედა
1 ივლისი 2022
„თანამედროვე გამოწვევებსა და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიღწევებზე ევროკომისართან და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორთან პროდუქტიული შეხვედრები წარიმართა. ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი საქართველოზე გადის, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ეს სწორედ ის მონაკვეთია, სადაც უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დღეს ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ევროპის სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა
ირაკლი ქარსელაძემ, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის სატრანსპორტო დღეების (Connecting Europe Days 2022) ფარგლებში, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა-ლიონა ვალეანისთან და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორ ჰენრიკ ჰოლოლეისთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. მინისტრმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის უწყებების, ევროკომისიისა და ევროპის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელების ერთობლივ დახურულ შეხვედრაში
ირაკლი ქარსელაძის თქმით, შეხვედრებზე განიხილეს როგორც სატრანსპორტო სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, ისე უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი სირთულეების ეფექტიანი გადაჭრის საშუალებები
„ვიმსჯელეთ იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია როგორც გეგმის შესაბამისად, ისე ახალი გარემოებებიდან გამომდინარე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს ისეთი განვითარების დონე, რომ მისი ჩართულობა უკვე ევროკავშირის ქვეყნების და ევროპის სატრანსპორტო და საგზაო ქსელის განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება,“-აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ქარსელაძემ ევროკომისიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.